მოგწონთ ნეოფარმის პრეპარატები?
ძალიან კარგია
უკეთესი ჯობია
არ მომწონს
საშინელებაა
» შედეგები
     
ცინარიზინი ნეო 25მგ #40 ტაბ
მე-4 თაობის კალციუმის არხების ბლოკატორი

საერთაშორისო სახელწოდება:  ცინარიზინი, Cinnarizine

ათქ კოდი:  
N07CA02

წამლის ფორმა:  
ტაბლეტები.

შემადგენლობა:

აქტიური სუბსტანცია: ცინარიზინი-25მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, სახამებელი, ტალკი, კალციუმის ან მაგნიუმის სტეარატი, პოვიდონი.

ფარმაკოლოგიური მოქმედება: ფარმაკოდინამიკა: ცინარიზინის მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია კალციუმის არხების ბლოკირებასთან, რითაც ფერხდება კალციუმის იონების შეღწევა და დეპონირება სისხლძარღვთა გლუვი კუნთების უჯრედებში. ეს იწვევს სისხლძარღვების გაფართოებას, უმჯობესდება ტვინის, კორონალური და პერიფერიული სისხლის მიმოქცევა. ამავე დროს, ცინარიზინი ამცირებს ნეირომედიატორების: ნორადრენალინის, ვაზოპრესინის და სეროტონინის ვაზოკონსტრიქციულ მოქმედებას, აუმჯობესებს სისხლის რეოლოგიურ მახასიათებლებს, ზრდის ერითროციტების მემბრანების ელასტიურობას, რითაც ხელს უწყობს სისხლის სიბლანტის შემცირებას და მიკროცირკულაციის გაუმჯობესებას. ცინარიზინი ხელს უწყობს ვესტიბულარული აპარატის ცენტრების აგზნებადობის ხარისხის შემცირებას, არ ახდენს გავლენას გულის კუნთის შეკუმშვების სიხშირეზე და არტერიულ წნევაზე. უკავშირდება ანტიჰისტამინურ რეცეპტორებს, რის გამოც ავლენს უმნიშვნელო ანტიჰისტამინურ ეფექტს. ფარმაკოკინეტიკა:  შიგნით მიღებისას ცინარიზინი სწრაფად და თითქმის მთლიანად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. Cmax მიიღწევა 1-3 სთ-ში. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 4სთ-ს, ცილებს უკავშირდება დაახლოებით 80%, ინტენსიურად  მეტაბოლიზდება ძირითადად N-დიალკილირების გზით, მეტაბოლიტების 1/3 გამოიყოფა თირკმელებით, 2/3 - ნაწლავებით.

ჩვენებები: 
• სისხლის მიმოქცევის დარღვევა თავის ტვინში;
• პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევა;
• ვესტიბულარული აპარატის დაავადებებისა და მენიერის სინდრომის სიმპტომური მკურნალობა, რომელიც გამოიხატება თავბრუსხვევით, გულისრევით, ღებინებით, ყურებში შუილით;
• შაკიკის შეტევების პროფილაქტიკა;
• კინეტოზების (გზის დაავადების) პროფილაქტიკა და მკურნალობა.

უკუჩვენებები:  მომატებული მგრძნობელობა მოქმედი ნივთიერების ან შემადგენელი კომპონენტების მიმართ; ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.

მიღების წესი და დოზირება: მიიღება პერორალურად საკვების მიღების დროს ან მის შემდეგ. დოზირების რეჟიმი დგინდება ინდივიდუალურად ექიმის მიერ.
მაქსიმალური სადღეღამისო დოზა მოზრდილებისთვის შეადგენს 225მგ–ს (9 ტაბლეტი).
თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევისას:
მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ასაკის ზემოთ:  ინიშნება 25მგ (1 ტაბლეტი)  3-ჯერ დღეში.
8-12 წლის ასაკის ბავშვებში: მიიღება მოზრდილთა დოზის ნახევარი 3-ჯერ დღეში.
5-7 წლის ასაკის ბავშვებში: მიიღება მოზრდილთა დოზის მეოთხედი 3-ჯერ დღეში.
პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევისას:
მოზრდილებში მიიღება 50-75მგ (2-3 ტაბლეტი) 3-ჯერ დღეში.
ვესტიბულარული დარღვევების, მენიერის სინდრომის, კინეტოზების (გზის დაავადების) დროს:
მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ასაკის ზემოთ:  1 ტაბლეტი მგზავრობამდე ნახევარი საათით ადრე და 1 ტაბლეტი მგზავრობის განმავლობაში ყოველ 6 საათში ერთჯერ.
8-12 წლის ასაკის ბავშვებში: რეკომენდებულია მოზრდილთა დოზის ნახევარის მიღება მგზავრობამდე ნახევარი საათით ადრე.
5-7 წლის ასაკის ბავშვებში: რეკომენდებულია მოზრდილთა დოზის მეოთხედის მიღება მგზავრობამდე ნახევარი საათით ადრე.
რეკომენდებული დოზის გადაჭარბება არ შეიძლება.
საუკეთესო თერაპიული ეფექტის მისაღწევად ,,ცინარიზინი ნეო’’-ს მიღება აუცილებელია რამდენიმე თვის განმავლობაში. მკურნალობის დაწყება სასურველია დაბალი დოზებით (საშუალოდ, რეკომენდებული დოზის ნახევარით), შემდეგ დღიური დოზის გაზრდა უნდა მოხდეს თანდათანობით სასურველი თერაპიული ეფექტის მიღებამდე.

გვერდითი მოვლენები: იშვიათად შესაძლოა განვითარდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები: ძილიანობა, დაღლილობის შეგრძნება, სისუსტე, თავის ტკივილი, პირის სიმშრალე, დისპეპსიური მოვლენები, ალერგიული რეაქციები, ოფლიანობა.
ხანდაზმულებში პრეპარატის დიდი დოზებით ხანგრძლივად  მიღებისას შესაძლოა გამოვლინდეს ექსტრაპირამიდული დარღვევების სიმპტომები (ტრემორი, წონასწორობის დარღვევა), რაც მოითხოს პრეპარატის მიღების შეწყვეტას.  

განსაკუთრებული მითითებები: პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება
• პარკინსონიზმით დაავადებულ პაციენტებში ან ავადმყოფებში ექსტრაპირამიდული დარღვევების სიმპტომებით (კანკალი, ორიენტაციის და წონასწორობის დარღვევა);
• მძღოლებში და პაციენტებში, რომელთა საქმიანობა მოითხოვს ყურადღების კონცენტრირებასა და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციებს.
• არტერიული ჰიპოტონიის დროს (ცინარიზინის სადღეღამისო დოზა უნდა შემცირდეს 50მგ-მდე).
• ხანგრძლივი გამოყენებისას რეკომენდებულია შემოწმდეს ღვიძლისა და თირკმლის ფუნქცია, ასევე სისხლის სურათი.

ორსულობა და ლაქტაცია:
პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის  პერიოდში არ არის რეკომენდებული, ვინაიდან არ არსებობს კლინიკური კვლევების მონაცემები მისი გამოყენების უსაფრთხოებაზე.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ან სხვა სახის ურთიერთქმედება:
ცინარიზინის და ალკოჰოლის, ტრიციკლური ანტიდეპრესანტების, ცნს-ის დამრთგუნველი მოქმედების მქონე პრეპარატების ერთდროული მიღება იწვევს მათი ეფექტების პოტენცირებას. ცინარიზინი აძლიერებს ნოოტროპული, ჰიპოტენზიური და სისხლძარღვთა გამაფართოებელი პრეპარატების მოქმედებას.
პრეპარატის ანტიჰისტამინურმა ეფექტმა შესაძლოა გამოიწვიოს ცრუ უარყოფითი შედეგი ალერგენზე სინჯის აღების დროს, ამიტომ რეკომენდებულია ალერგიული სინჯის აღებამდე 4 დღით ადრე შეწყდეს პრეპარატის მიღება.
ცინარიზინმა შეიძლება გამოიწვიოს ცრუ დადებითი რეაქცია სპორტსმენებში ანტიდოპინგური ტესტების ჩატარების დროს.

დოზის გადაჭარბება:
სიმპტომები: ძილიანობა, კუნთების სისუსტე, ტრემორი, ღებინება.
მკურნალობა: მკურნალობა სიმპტომურია, საჭიროა კუჭის ამორეცხვა, ინიშნება გააქტივებული ნახშირი ან სხვა ადსორბენტი. სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს.

გავლენა ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა. ამიტომ სიფრთხილის დაცვაა საჭირო იმ პაციენტებისათვის, რომელთა საქმიანობა მოითხოვს ყურადღების კონცენტრირებასა და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციებს.

შეფუთვა:  20 ტაბლეტი პოლივინილქლორიდის ბლისტერზე. 2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში. 
                  
შენახვა: ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, 15-25
°C ტემპერატურის პირობებში.

ვარგისობის ვადის გასვლის ან ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია!

აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II – გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.



"
Copyright (c) 2010 NEOPHARMI+ LTD - All Rights Reserved