მოგწონთ ნეოფარმის პრეპარატები?
ძალიან კარგია
უკეთესი ჯობია
არ მომწონს
საშინელებაა
» შედეგები
     
ბრომჰექსინი ნეო (8მგ) - №50 ტაბ
მუკოლიზური მოქმედების ამოსახველებელი საშუალება

წამლის ფორმა: ტაბლეტები.

დახასიათება: თეთრი ფერის შემოგარსული ტაბლეტები.

საერთაშორისო სახელწოდება: Bromhexinum. (N-(2-ამინო-3,5-დიბრომბენზილ)-N-მეთილციკლოჰექსილამინის ჰიდროქლორიდი).

 

შემადგენლობა:
აქტიური სუბსტანცია: ბრომჰექსინის ჰიდროქლორიდი –  8მგ;
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, გლუკოზა, პოლივინილპიროლიდონი, მაგნიუმის კარბონატი, კალციუმის ან მაგნიუმის სტეარატი, საქაროზა, ტალკი, ყვითელი პიგმენტი, ტიტანის ორჟანგი, აეროსილი.  

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ფარმაკოდინამიკა: ბრომჰექსინი ავლენს მუკოლიზურ (სეკრეტოლიზურ) და ამოსახველებელ მოქმედებას. მუკოლიზური ეფექტი დაკავშირებულია მუკოპოლისაქარიდული ბოჭკოების დეპოლიმერიზაციასთან და სეკრეტის ლორწოს გათხელებასთან.
გარდა ამისა, ბრომჰექსინი ასტიმულირებს ენდოგენური სურფაქტანტის გამომუშავებას, რომელიც აუცილებელია ალვეოლების სრულფასოვანი მუშაობისთვის. სურფაქტანტი მუკო-პოლისაქარიდული ბუნების ზედაპირულად აქტიური ნივთიერებაა, რომელიც სინთეზირდება ალვეოლების უჯრედებში. სურფაქტანტის ბიოსინთეზი ირღვევა ბრონქებისა და ფილტვების სხვადასხვა დაავადებების დროს. ეს იწვევს ალვეოლების უჯრედების სტაბილურობის დაქვეითებას, დასუსტებას.
პრეპარატს ასევე გააჩნია სუსტი ხველის საწინააღმდეგო მოქმედება.
ფარმაკოკინეტიკა: პერორალური მიღების შემდეგ ბრომჰექსინი თითქმის მთლიანად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში და გამოიყოფა შარდთან ერთად ძირითადად უცვლელი სახით. ღვიძლში მეტაბოლიზდება, წარმოიქმნება აქტიური მეტაბოლიტი –ამბროქსოლი, რომელიც ორგანიზმზე ახდენს ბრომჰექსინის მსგავს მოქმედებას. პრეპარატის ბიოშეღწევადობაა დაახლოებით 80%. სისხლში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა ერთ საათში. ნახევარდაშლის პერიოდი შეადგენს 4-5 საათს. ბრომჰექსინი აღწევს ჰემატოენცეფალურ და პლაცენტარულ ბარიერში, ხვდება დედის რძეში.

 

ჩვენებები:
• სასუნთქი გზებისა და ფილტვების დაავადებები, რომელთაც თან სდევს ბლანტი ნახველის წარმოქმნა: მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, ბრონქიალური ასთმა, პნევმონია, ლარინგიტი, ფარინგიტი, ტრაქეიტი, ტრაქეობრონქიტი, ფილტვების ტუბერკულოზი და სხვ.
• პროდუქტიული ხველის მკურნალობა;

მიღების წესი და დოზირება: მიიღება პერორალურად.

თუ სხვა დანიშნულება არ არსებობს, პრეპარატი მიიღება ასეთი სქემით:

ბავშვები 6-დან 14 წლამდე, ასევე 50კგ-ზე დაბალი წონის პაციენტები 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში
მოზრდილები და მოზარდები 14 წლის ზემოთ  1-2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში

ტაბლეტი მიიღება საკმარისი რაოდენობით წყალთან ერთად.

მითითება: ყურადღება მიაქციეთ, რომ მიღებული იქნეს საკმარისი რაოდენობის წყალი, რადგან სითხის მოხმარების გაზრდა ხელს უწყობს მკურნალობას და ბრონქებში სეკრეტის სასურველ გაჯირჯვებას.
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობაზე. ექიმთან კონსულტაციის გარეშე პრეპარატი არ მიიღება 4-5 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში.
მკურნალობის კურსი შეიძლება გაგრძელდეს 4 კვირამდე.

ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევებისას საჭიროა დოზის შემცირება.

დოზის გამოტოვების შემთხვევაში შემდგომი დოზის მიღება უნდა მოხდეს პირვანდელი სქემის მიხედვით.

უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.

გვერდითი მოვლენები:
• საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: დისპეფსიის მოვლენები გულისრევის, ღებინების სახით, ტკივილი ეპიგასტრიუმში, ასევე კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის გამწვავება, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა;
• ცენტრალური სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი;
• ალერგიული რეაქციები: ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება;

განსაკუთრებული მითითებები: ,,ბრომჰექსინი ნეო’’-ს მიღება არ არის რეკომენდირებული ხველის რეფლექსის მაბლოკირებელ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც გამოიყენება მშრალი ხველის მკურნალობისთვის. მათი ერთდროული გამოყენებისას ჩნდება სასუნთქ გზებში სეკრეტის შეგუბების საფრთხე, რაც აძლიერებს ანთებით პროცესს. კომბინირებული მიღება შესაძლებელია მხოლოდ ამ პრეპარატების მონაცვლეობისას: ამოსახველებელი პრეპარატები (ლაზოლვანი, მუკალტინი) მიიღება დღის განმავლობაში, ხოლო ხველის საწინააღმდეგო პრეპარატები მიიღება ერთჯერადად ძილის წინ.

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი: პრეპარატის გამოყენება დასაშვებია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში მხოლოდ მკურნალ ექიმთან შეთანხმებით, როცა დედისათვის სავარაუდო სარგებელი აღემატება ნაყოფისთვის პოტენციურ რისკს.

ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატის მიღება გავლენას არ ახდენს ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: პრეპარატის დანიშვნა შეიძლება კომბინაციაში ბრონქოდილატატორებთან, ანტიბაქტერიულ პრეპარატებთან ერთად.
მიღება არ არის რეკომენდირებული ხველის დამთრგუნველ (კოდეინის შემცველ) პრეპარატებთან ერთად. შესაძლებელია კომბინირებულად, დღისით - ამოსახველებელი და საღამოს ხველის საწინააღმდეგო პრეპარატების მონაცვლეობით მიღება (სრულყოფილი ძილისათვის).
,,ბრომჰექსინი ნეო’’ შეუთავსებელია ტუტე ხსნარებთან.

დოზის გადაჭარბება: ჭარბი დოზირების შემთხვევაში განვითარებული გვერდითი მოვლენები საშიში არ არის. მძიმე შემთხვევებში შეიძლება საჭირო გახდეს სისხლის მიმოქცევის კონტროლი.
მკურნალობა სიმპტომურია.

სიფრთხილე: პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ბავშვთა ასაკში.
 
გამოშვების ფორმა: 
პირველადი შეფუთვა: 10 ტაბლეტი ბლისტერზე.
მეორეული შეფუთვა: 5 ბლისტერი თავსდება მუყაოს კოლოფში.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ ან ვიზუალური დათვალიერებისას აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
 
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, 15-25°C ტემპერატურის პირობებში. 

აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III - გამოიყენება ექიმის დანიშნულების გარეშე. 

 



"
Copyright (c) 2010 NEOPHARMI+ LTD - All Rights Reserved