მოგწონთ ნეოფარმის პრეპარატები?
ძალიან კარგია
უკეთესი ჯობია
არ მომწონს
საშინელებაა
» შედეგები
     
ნეოსილი (ნიმესულიდი) 0,1გ/დოზა 7გ ფხვნილი - №10 პაკეტი
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება

საერთაშორისო სახელწოდება:  NIMESULIDE.

ათქ კოდი:  M01AX17.

წამლის ფორმა:  ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი პაკეტებში - 7გ;

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება სულფონანილიდების ჯგუფიდან.

ერთი პაკეტის შემადგენლობა: აქტიური სუბსტანცია: ნიმესულიდი - 0,1გ;
დამხმარე ნივთიერებები: შაქარი, სახარინ ნატრიუმი, ლიმონმჟავა, ნატრიუმის ციტრატი, ფორთოხლის ემულსია, ნატრიუმის ლაურილსულფატი, PEG 400.

ფარმაკოლოგიური მოქმედება: ნიმესულიდი წარმოადგენს სულფონანილიდების ჯგუფის არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებას. ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი მოქმედება. მოქმედების მექანიზმი განპირობებულია ფერმენტ ციკლოოქსიგენაზა-2-ის შერჩევითი კონკურენტული ინჰიბირებით, რომელიც თრგუნავს პროსტაგლანდინების - შეშუპების, ანთების და ტკივილის მედიატორების სინთეზს.
გარდა ამისა, პრეპარატი თრგუნავს ხრტილოვანი ქსოვილის დამშლელი ფერმენტების (კოლაგენაზა, სტრომელიზინი, ელასტაზა) სინთეზს, რითაც აფერხებს ხრტილოვანი ქსოვილის დაზიანებას და ხელს უწყობს მისი სინთეზის რეგულირებას.
ფარმაკოკინეტიკა:
შიგნით მიღების შემდეგ ნიმესულიდი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. საკვების მიღება ამცირებს აბსორბციის სიჩქარეს შეწოვის ხარისხის შეუცვლელად. სისხლის პლაზმაში ნიმესულიდის მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა მიღებიდან 1,5-2,5 სთ-ის შემდეგ, ხოლო მისი მოქმედება გრძელდება დაახლოებით 6 საათის მანძილზე. ნიმესულიდის 99% უკავშირდება პლაზმის ცილებს, აქტიურად მეტაბოლიზირდება ღვიძლში, მეტაბოლიტების 80% გამოიდევნება შარდის მეშვეობით, ხოლო 20% _ ფეკალურ მასებთან ერთად.

ჩვენება:
•    სხვადასხვა ეტიოლოგიის ტკივილი (თავის, კბილის, პოსტოპერაციული,    პოსტტრავმული და სხვა);
•    სახსრებისა და კუნთების დაავადებები: სხვადასხვა გენეზის ოსტეოართრიტები, მათ შორის რევმატოიდული ართრიტი, ოსტეოართროზი, მაანკილოზებელი სპონდილიტი, ბურსიტი, ტენდენიტი;
•    ინფექციურ-ანთებითი დაავადებები ოტოლარინგოლოგიაში;
•    დისმენორეა (მტკივნეული მენსტრუაციის დროს).
•    ცხელებით მიმდინარე დაავადებები (კომბინირებულ თერაპიაში ჩართვის სახით);
•    პერიფერიული ნერვული სისტემის ანთებითი დაავადებები: ნევრალგია, ნევრიტი, პლექსიტი და სხვა;

უკუჩვენება:   
•    მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.
•    აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებისადმი მაღალი მგრძნობელობა.
•    კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში.
•    ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციის ზომიერი ან გამოხატული დარღვევები.
•    ჰემორაგიული პათოლოგიები;
•    კოაგულაციის დარღვევა;
•    ორსულობის და ლაქტაციის პერიოდი;
•    ბავშვები 12 წლამდე;
•    გულის უკმარისობა.

მიღების წესი და დოზირება: პაკეტის შიგთავსი უნდა გაიხსნას ერთ ჭიქა წყალში.
დოზირება მოზრდილებისთვის: 1 პაკეტი (0,1გ) 2-ჯერ დღეში საკვების მიღების შემდეგ.
12-დან 18-წლამდე ასაკის ბავშვებისთვის და მოხუცებისთვის დოზის კორექცია არ არის საჭირო.
ასაკოვან პაციენტებში დოზის შერჩევა-შემცირება ხდება ექიმის მიერ პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით.
,,ნეოსილი’’'უკუნაჩვენებია 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
პრეპარატის გამოყენება რეკომენდებულია რაც შეიძლება მცირე დროის განმავლობაში, რათა მინიმუმამდე შემცირდეს გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი.
პრეპარატი გამოიყენება არაუმეტეს 15 დღისა.

გვერდითი მოვლენები:  ჩვეულებრივ ნეოსილი კარგად გადაიტანება, თუმცა შესაძლებელია განვითარდეს:
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: დისკომფორტი ეპიგასტრიუმში, გულისრევა, დიარეა.
ცნს-ის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, უძილობა.
ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ერითემა, ჭინჭრის ციება, ქავილი.
იშვიათად აღინიშნება: ოლიგურია სითხის შეკავებითა და ქსოვილების ადგილობრივი ან დიფუზური შეშუპებით.
ნეოსილმა, სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მსგავსად შეიძლება გამოიწვიოს სტივენს-ჯონსონის, ლაიელის სინდრომი, ასევე ანაფილაქსური რეაქციები.
გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია და პრეპარატის მიღების შეწყვეტა.

უსაფრთხოების ზომები:
ნეოსილი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში სისხლის შემადედებელი სისტემის დარღვევით და კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებებით, ასევე პაციენტებში, რომლებიც იღებენ ანტიკოაგულანტებს ან ანტიაგრეგანტებს.
თირკმელების დარღვეული ფუნქციის მქონე ავადმყოფებში საჭიროა ნიმესულიდის დოზა შემცირდეს გორგლოვანი ფილტრაციის მაჩვენებლის გათვალისწინებით.
პრეპარატმა შესაძლოა ქსოვილებში სითხის შეკავება გამოიწვიოს, ამიტომ პაციენტებში გულის უკმარისობით ნიმესულიდის დანიშვნა სიფრთხილით უნდა მოხდეს.
ნეოსილი სიფრთხილით ინიშნება ხანდაზმულ პაციენტებში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გამოხატულია ასაკობრივი სისუსტე.
პრეპარატის შემადგენლობაში შედის საქაროზა, რაც გასათვალისწინებელია შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტების მკურნალობის დროს.

დოზის გადაჭარბება:
დოზის გადაჭარბებისას აღინიშნება შემდეგი სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, ძილიანობა.
მკურნალობა სიმპტომურია, მიზანშეწონილია კუჭის ამორეცხვა, გააქტივებული ნახშირის მიღება.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი: ნეოსილის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდირებული.

ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატის მიღების შემთხვევაში სიფრთხილის დაცვაა საჭირო ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის დროს, რადგან შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა და ძილიანობა, რაც გავლენას ახდენს ყურადღების კონცენტრირებისა და სწრაფი რეაგირების უნარზე.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: სიფრთხილის დაცვაა საჭირო ნეოსილისა და ანტიკოაგულანტების, დიურეზული საშუალებების, ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების, ჰიპოგლიკემიური პრეპარატების, დიგოქსინის, ფენიტოინის, ლითიუმის პრეპარატების, სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების, ციკლოსპორინის, მეთოტრექსატის ერთდროული დანიშვნისას, რადგან შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს მათ ურთიერთქმედებას.

შეფუთვა: 7 გ ფხვნილი ერთ პაკეტში. 10 პაკეტი მუყაოს კოლოფში.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა №3 რეცეპტით.


ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

შენახვის პირობები: ინახება 15-25°c  ტემპერატურის პირობებში, მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.



"
Copyright (c) 2010 NEOPHARMI+ LTD - All Rights Reserved