მოგწონთ ნეოფარმის პრეპარატები?
ძალიან კარგია
უკეთესი ჯობია
არ მომწონს
საშინელებაა
» შედეგები
     
სტრეპტოციდი 300მგ #10 ტაბ
საერთაშორისო სახელწოდება: Sulfanilamidum.

ათქ კოდი:   J01E В06.

 

ქიმიური სახელწოდება: პარა-ამინობენზოლსულფამიდი.


წამლის ფორმა: ტაბლეტები.


ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ხანმოკლე მოქმედების სულფანილამიდი.


შემადგენლობა: ერთი ტაბლეტი შეიცავს 0,3გ სტრეპტოციდს;

დამხმარე ნივთიერებები: გლუკოზა, სახამებელი, პოლივინილპიროლიდონი, პილიეთილენგლიკოლი, კალციუმის სტეარატი. 


ფარმაკოლოგიური მოქმედება: სტრეპტოციდი პარა-ამინობენზოეს მჟავასთან კონკურენტული ანტაგონიზმის გამო იწვევს მიკრობულ უჯრედში ფოლის მჟავას სინთეზის ბლოკირებას, რაც თრგუნავს მიკროორგანიზმების ზრდას და განვითარებას (ბაქტერიოსტატიკური ეფექტი). 

სტრეპტოციდი ბაქტერიოსტატიკურად მოქმედებს სტრეპტოკოკების, მენინგოკოკების, გონოკოკების, ნაწლავის ჩხირისა და სხვა მიკროორგანიზმების მიმართ. 

ფარმაკოკინეტიკა: პრეპარატი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. სტრეპტოციდის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლში აღინიშნება 1-2 საათის შემდეგ, 4 საათის შემდეგ გადადის თავ-ზურგტვინის სითხეში, თირკმელებით გამოიყოფა პრეპარატის დაახლოებით 95%.


ჩვენება: 

ჭრილობის ინფექციების, წყლულების, ნაწოლების მკურნალობა და პროფილაქტიკა; 

ანგინა. 

ენტეროკოლიტი. 

პიელონეფრიტი, პიელიტი, ცისტიტი. 

წითელი ქარი. 

სტრეპტოციდის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიებით გამოწვეული სხვა ინფექციური დაავადებები. 


უკუჩვენება: 

სულფანილამიდური საშუალებების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა;

სისხლმბადი სისტემის დაავადებები.

ნეფროზები, ნეფრიტები.

ბაზედოვის დაავადება.

მწვავე ჰეპატიტი.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.  

2 წლამდე ასაკი.


მიღების წესი და დოზირება: მიიღება პერორალურად.

მოზრდილები: 2 - 4 ტაბლეტი 5-ჯერ დღეში (სადღეღამისო დოზა 3 - 6გ); 

2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვები: 1 ტაბლეტი ერთჯერ დღეში, 

6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები: 1 – 2 ტაბლეტი ერთჯერ დღეში. 


გვერდითი მოვლენები:

სტრეპტოციდის მიღებისას შესაძლოა აღინიშნოს გულისრევა, ღებინება, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ციანოზი. დიდი დოზებით და ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, ჰემოლიზური ანემია, ტაქიკარდია, პარესთეზიები, დერმატიტები, ფაღარათი, ქოლესტაზი. იშვიათად შეიძლება განვითარდეს გართულებები შარდგამომყოფ სისტემაში (კრისტალურია, ჰემატურია, შოკური თირკმელი ანურიით). 


განსაკუთრებული მითითებები: 

სტრეპტოციდით ხანგრძლივი მკურნალობისას აუცილებელია სისხლის ანალიზის პერიოდული ჩატარება, თირკმელებისა და ღვიძლის ფუნქციის კონტროლი. პრეპარატის მიღების ნაადრევმა შეწყვეტამ ან არასაკმარისი დოზებით დანიშვნამ შესაძლოა ხელი შეუწყოს სულფანილამიდების მიმართ მიკროორგანიზმების მდგრადობის მომატებას.  


ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში სტრეპტოციდის მიღება დაუშვებელია. 

             

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება: სტრეპტოციდის დანიშვნა არ არის რეკომენდებული ნოვოკაინსა და მსგავსი ქიმიური სტრუქტურის მქონე სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად, რომლებიც შეიცავენ პარა–ამინობენზოესმჟავას ნაშთს და შეიძლება გამოიწვიონ ანტისულფანილამიდური ეფექტი.


დოზის გადაჭარბება:  დოზის გადაჭარბებისას შეიძლება განვითარდეს გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ციანოზი.   

მკურნალობა: დოზის გადაჭარბებისას საჭიროა კუჭის ამორეცხვა ნატრიუმის ჰიდროკარბონატის 2% ხსნარით, გააქტივებული ნახშირის სუსპენზიით და სხვა ენტეროსორბენტებით. რეკომენდებულია ფორსირებული დიურეზი, ჰემოდიალიზი.      


შეფუთვა: 10 ტაბლეტი პოლივინილქლორიდისა და ალუმინის ფოლგის ბლისტერზე. 


შენახვა: ინახება არაუმეტეს 25°С ტემპერატურის პირობებში, მშრალ,  სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე. 


ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია!


ვარგისიანობის ვადა:  5 წელი.


აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე. 

 



"
Copyright (c) 2010 NEOPHARMI+ LTD - All Rights Reserved