მოგწონთ ნეოფარმის პრეპარატები?
ძალიან კარგია
უკეთესი ჯობია
არ მომწონს
საშინელებაა
» შედეგები
     
სალბუტამოლი ნეო (2 მგ/5მლ) - 100მლ სიროფი
სელექტიური ბეტა 2 ადრენომიმეტური - ბრონქოლიზური საშუალება
 

სალბუტამოლი ნეო

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სელექტიური ბეტა 2 ადრენომიმეტური - ბრონქოლიზური საშუალება.
 
წამლის ფორმა: სიროფი.

შემადგენლობა:
სალბუტამოლის სულფატი –  2 მგ/5მლ; 
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ბენზოატი, ლიმონმჟავა, შაქარი, ფორთოხლის არომატიზატორი, გამოხდილი წყალი.

ფარმაკოლოგიური მოქმედება: 
ფარმაკოდინამიკა: სალბუტამოლი წარმოადგენს ბეტა-ადრენომიმეტიკს უპირატესად β2 ადრენორეცეპტორებზე მოქმედებით (რომლებიც ლოკალიზებულია ბრონქებში, მიომეტრიუმსა და სისხლძარღვებში). ,,სალბუტამოლი ნეო’’, ბრონქების ბეტა-2-ადრენორეცეპტორების სელექციური სტიმულირებით, იწვევს მისი გლუვი კუნთების მოდუნებას და ბრონქების გაფართოებას, ახდენს ბრონქოსპაზმის კუპირებას, ზრდის ფილტვების სასიცოცხლო ტევადობას. მიოკარდზე ახდენს მცირედ გამოხატულ დადებით ქრონო- და ინოტროპულ მოქმედებას. აფართოებს კორონარულ სისხლძარღვებს, პრაქტიკულად არ იწვევს არტერიული წნევის დაქვეითებას. აქვეითებს მიომეტრიუმის ტონუსს და კუმშვის უნარს (ტოკოლიზური მოქმედება). 
ფარმაკოკინეტიკა: სალბუტამოლი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. სისხლის შრატში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა დაახლოებით 2 საათში.
პრეპარატი მეტაბოლიზირდება ღვიძლში და გამოიყოფა მეტაბოლიტების სახით. სალბუტამოლის სულფატი არ იშლება ფილტვების კატექოლ-O–მეთილტრანსფერაზით, ამის გამო მოქმედებს ხანგრძლივად. 

ჩვენებები: 
გლუვი კუნთების სპაზმი ბრონქიალური ასთმის დროს;
ქრონიკული სპასტიური ბრონქიტი;
ფილტვების ემფიზემა;

უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ, მიოკარდის ინფარქტი.

მიღების წესი და დოზირება: მიიღება პერორალურად.
მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ზემოთ: 10 მლ სიროფი (4მგ სალბუტამოლი) 3-4-ჯერ დღეში.

ბავშვებში 2-დან 6 წლამდე: 2.5 - 5 მლ სიროფი (1-2 მგ სალბუტამოლი) 3-4-ჯერ დღეში.

ბავშვებში 6-დან 12 წლამდე: 5 მლ სიროფი (2 მგ სალბუტამოლი) 3-4-ჯერ დღეში.
5მლ სიროფი შეესაბამება 1 ჩაის კოვზს.  

გვერდითი მოვლენები: ნერვული სისტემის მხრივ: კანკალი (ხელის თითების), დაძაბულობა, შფოთვა, მომატებული აღგზნებადობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილის დარღვევა.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ტაქიკარდია, არითმია, პერიფერიული სისხლძარღვების გაფართოება, მიოკარდის იშემია, გულის უკმარისობა, კარდიოპათია.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ღებინება, პირის სიმშრალე, უმადობა.
იშვიათად შეიძლება განვითარდეს ბრონქოსპაზმი (პარადოქსალური ან გამოწვეული სალბუტამოლისადმი ჰიპერმგრძნობელობით), ფარინგიტი, შარდგამოყოფის გაძნელება, ოფლიანობა, სისხლში გლუკოზის, თავისუფალი ცხიმოვანი მჟავების შემცველობის გაზრდა, ფიზიკური და ფსიქიკური წამლისმიერი დამოკიდებულების განვითარება.

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი: პრეპარატის მიღება ორსულობის პერიოდში დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა დედისათვის შესაძლო სარგებელი აღემატება ნაყოფისთვის პოტენციურ რისკს. სალბუტამოლს შეუძლია შეამციროს საშვილოსნოს შეკუმშვის ძალა, ამიტომ პრეპარატის გამოყენება მშობიარობისას დასაშვებია მხოლოდ აბსოლუტური აუცილებლობისას.
ლაქტაციის პერიოდში ,,სალბუტამოლი ნეო’’-ს მიღების აუცილებლობისას საჭიროა ბავშვის ძუძუთი კვების შეწყვეტა.

სიფრთხილე: სიმპათიკური სისტემის ძლიერი აგზნების გამო სალბუტამოლი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს პაციენტებში გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებით: გულის იშემიური დაავადებით, გულის უკმარისობით, გულის რიტმის დარღვევებით, ჰიპერტონიით.
ასევე, სალბუტამოლი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს ჰიპერთირეოზით, ეპილეფსიით, შაქრიანი დიაბეტით, გლაუკომით დაავადებულ პაციენტებში.
ექიმთან კონსულტაციის გარეშე დაუშვებელია სალბუტამოლის დოზისა და მიღების ჯერადობის გაზრდა, რათა არ მოხდეს პრეპარატის დოზის გადაჭარბება და არ განვითარდეს ჰიპერდოზირებით გამოწვეული არასასურველი გვერდითი ეფექტები.

ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატის მიღება გავლენას არ ახდენს ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: 
არ შეიძლება სხვა ადრენომიმეტურ საშუალებებთან ერთდროული გამოყენება, რადგან შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი ეფექტები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ, მაგ. ტაქიკარდია და ძლიერი გულისცემა. განსაკუთრებულ შემთხვევებში, ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, დასაშვებია საინჰალაციო ბეტა-ადრენომიმეტური საშუალებების გამოყენება.
ანტიდეპრესიულ საშუალებებს და მაოს-ს ინჰიბიტორებს შეუძლია გააძლიეროს სალბუტამოლის ზემოქმედება გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე.

გამოშვების ფორმა:  
პირველადი შეფუთვა: 100 მლ სიროფი პოლიმერული მასალის ფლაკონში. 
მეორეული შეფუთვა: ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში ინსტრუქციასთან  ერთად. 

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ ან ვიზუალური დათვალიერებისას აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
 
შენახვის პირობები:
ინახება სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, 15-25°c ტემპერატურის პირობებში.  

აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II – (გამოიყენება ექიმის დანიშნულების შესაბამისად).  




"
Copyright (c) 2010 NEOPHARMI+ LTD - All Rights Reserved