დიმედროლი ნეო 50მგ #10 ტაბ
H1 - ჰისტამინორეცეპტორების ბლოკატორი
წამლის ფორმა: ტაბლეტები.
ათქ კოდი: R06AA02 .
 
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: H1 - ჰისტამინორეცეპტორების ბლოკატორი. 
აღწერა: თეთრი, ბრტყელ-ცილინდრული ფორმის ტაბლეტები. 
შემადგენლობა: აქტიური სუბსტანცია: დიფენჰიდრამინის ჰიდროქლორიდი – 50 მგ; დამხმარე ნივთიერებები: რძის შაქარი, სახამებელი, კალციუმის ან მაგნიუმის სტეარატი, პოლივინილპიროლიდონი, ტალკი. 
ფარმაკოლოგიური მოქმედება: დიფენჰიდრამინის ჰიდროქლორიდი წარმოადგენს პირველი თაობის H1 - ჰისტამინორეცეპტორების ანტაგონისტს. ის აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში და ზემოქმედებას ახდენს თავის ტვინის H1 – რეცეპტორებზე, თრგუნავს ცენტრალური ნერვული სისტემის მოქმედებას, ავლენს ქოლინოლიზურ აქტივობას, ხასიათდება სედაციური, ანტიალერგიული, ადგილობრივ ანესთეზიური, სპაზმოლიზური და ზომიერი განგლიობლოკატორული მოქმედებით. 
ფარმაკოკინეტიკა: დიფენჰიდრამინის ჰიდროქლორიდი სწრაფად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. სისხლში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 20-40 წთ-ში. პლაზმის ცილებს უკავშირდება 98-99%. აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში. მეტაბოლიზირდება ძირითადად ღვიძლში, ნაწილობრივ – ფილტვებსა და თირკმელებში. ნახევრადგამოყოფის პერიოდია 4-10 სთ. დღე-ღამის განმავლობაში სრულად გამოიყოფა თირკმელებით გლუკურონის მჟავასთან კონიუგირებული მეტაბოლიტების სახით. 
ჩვენება: 
• ძილის რიტმის დარღვევა (მონოთერაპია ან საძილე საშუალებებთან კომბინაციაში); 
• ალერგიული რეაქციები (ჭინჭრის ციება, თივის ცხელება, ანგიონევროზული შეშუპება); 
• ალერგიული კონიუნქტივიტი; 
• ვაზომოტორული რინიტი; 
• ჰემორაგიული ვასკულიტი; 
• შრატის დაავადება; 
• დერმატოზები; 
• ქორეა; 
• ზღვის დაავადება; 
• მენიერის სინდრომი; 
• პრემედიკაცია. 
მიღების წესი და დოზირება: პრეპარატი მიიღება პერორალურად. მოზრდილებში: 1 ტაბლეტი (50მგ) 1-3-ჯერ დღე-ღამეში. საძილე საშუალების სახით - 1 ტაბლეტი (50მგ) ძილის წინ. უმაღლესი ერთჯერადი დოზაა 1 ტაბლეტი (100მგ), უმაღლესი სადღეღამისო დოზა – 5 ტაბლეტი (250მგ). ბავშვებში 6-დან 12 წლამდე: 1/3 ან 1/2 ტაბლეტი (15-25მგ) 1-3-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 10-15 დღე. 
გვერდითი მოვლენები: შესაძლებელია გამოიწვიოს: პირის ღრუს ლორწოვანი გარსის მგრძნობელობის დაკარგვა ხანმოკლე დროით, ძილიანობა, საერთო სისუსტე, ფსიქომოტორული რეაქციების სიჩქარის დაქვეითება. ბაშვებში შეიძლება განვითარდეს უძილობა, გაღიზიანება და ეიფორია. იშვიათად: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, პირის სიმშრალე, გულისრევა, ფოტოსენსიბილიზაცია, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, ტრემორი. 
უკუჩვენება: წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფია, გლაუკომა, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, შარდის ბუშტის სტენოზი, ბრონქიალური ასთმა, ეპილეფსია, მომატებული მგრძნობელობა დიფენჰიდრამინისადმი. 
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი: ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში დიფენჰიდრამინი გამოიყენება სიფრთხილის დაცვით მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მოსალოდნელი თერაპიული ეფექტი დედისათვის აჭარბებს ნაყოფისათვის ან ბავშვისთვის მოსალოდნელ რისკს. 
განსაკუთრებული მითითებები: მკურნალობის პერიოდში დაუშვებელია ალკოჰოლის მიღება. ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე გავლენა: სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, რომელთა საქმიანობა მოითხოვს ყურადღების კონცენტრირებას და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციებს. 
ჭარბი დოზა: ერთდროული გამოყენებისას აძლიერებს ეთანოლისა და ცნს-ის დამთრგუნველი პრეპარატების მოქმედებას. ერთდროული გამოყენებისას მაო-ს ინჰიბიტორები აძლიერებენ დიფენჰიდრამინის ანტიქოლინერგულ მოქმედებას. ფსიქოსტიმულატორებთან ერთდროული მიღებისას აღინიშნება ანტაგონისტური მოქმედება. მოწამვლის მკურნალობისას ამცირებს აპომორფინის, როგორც ღებინების საწინააღმდეგო საშუალების ეფექტურობას. აძლიერებს ქოლინობლოკატორული აქტივობის მქონე პრეპარატების ანტიქოლინერგულ ეფექტურობას. 
შეფუთვა: 10 ტაბლეტი პვქ/ალუ ბლისტერზე. 
შენახვა: ინახება მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, არაუმეტეს 25°C ტემპერატურის პირობებში ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია! 
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის II ჯგუფი, გაიცემა ფორმა 3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა ურეცეპტოდ).
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.